14 მარტს რიონის ხეობაში ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ
კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართება. აქცია ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, 13:00 საათზე ჩატარდება. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, აქცია ისეთივე მასშტაბური იქნება, როგორც წინა ჯერზე. ისინი სხვადასხვა ქალაქებიდან მხარდამჭერებს ელოდებიან.
“ამ აქციაზე პირდაპირ მოვთხოვთ ხელისუფლებას, გამოგვიცხადოს, შესრულდება თუ არა ჩვენი მოთხოვნები და დაველოდებით იქვე, სანამ ოფიციალურ პასუხს არ მივიღებთ,”-ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი.
აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია. ისინი ნამოხვანჰესის მშენებლობის შეწყვეტას მოითხოვენ. ასევე, იმ ხელშეკრულების გაუქმებას, რომლითაც მშენებელ კომპანიას ტერიტორია გადაეცა. მათივე თქმით, მშენებლობის ნებართვის შესახებ ყველა დოკუმენტი უნდა გაუქმდეს და კომპანია “ენკამ” ტერიტორია დატოვოს.
თვეებია რიონის ხეობის მოსახლეობა ღამეს კარვებში ათევს. ისინი ამბობენ, რომ ჰესების მშენებლობა მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე