ცესკოს “საარჩევნო განვითარების სკოლა” მსურველთა მიღებას
იწყებს. 18-25 წლის ახალგაზრდებს შეუძლიათ გაიარონ ტრენინგი საარჩევნო თემებთან დაკავშირებით და მიიღონ შესაბამისი ცოდნა. სასწავლო კურსი 3 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.
“საარჩევნო განვითარების სკოლის” სასწავლო პროგრამა შემდეგ საკითხებს მოიცავს: საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, 1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნები, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნებში ჩართული მხარეები, არჩევნების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა, ხმის მიცემის ელექტრონული საშუალებები, არჩევნები და კვლევები, დეზინფორმაცია და ყალბი ცნობების გავრცელება საარჩევნო პერიოდში.
“საარჩევნო განვითარების სკოლა” ჩატარდება თბილისსა და 25 მუნიციპალიტეტში (გურჯაანში, სიღნაღში, თელავში, ახმეტაში, რუსთავში, გარდაბანში, მარნეულში, დუშეთში, ახალგორში (წეროვანი, დევნილთა დასახლება), გორში, ხაშურში, ბორჯომში, ახალციხეში, ამბროლაურში, საჩხერეში, ზესტაფონში, სამტრედიაში, ხონში, ქუთაისში, ოზურგეთში, სენაკში, ზუგდიდში, ფოთში, ბათუმსა და ქობულეთში).
სასწავლო კურსის გავლის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია და უნდა წარადგინონ ნებისმიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში (საოლქო საარჩევნო კომისიების მისამართები) 22 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით. აპლიკანტმა საბუთების წარდგენისას უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
პროექტი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობასა და არჩევნების პოპულარიზაციას ახალგაზრდებში.
ცესკოში აცხადებენ, რომ სასწავლო კურსის მიმდინარეობისას დაცული იქნება პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაცია.