ტყიბულში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით “საქნახშირმა” განცხადება
გაავრცელა. რადიო “ძველი ქალაქისათვის” მიწოდებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიწისქვეშა სამუშაოებზე დასაქმებულები, რომლებმაც საპენსიო ასაკს მიაღწიეს, პერიოდულად ჯანმრთელობის კომისიაზე იგზავნებიან. ერთ-ერთი მათგანია 65 წლის ამირან ბოჭორიშვილიც, რომელმაც დღეს თვითდაზიანებები მიიყენა. კომპანიაში ამბობენ, რომ კომპანიამ მიიღო კომისიის დასკვნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ამირან ბოჭორიშვილისთვის მიწიქვეშა სამუშაოების შესრულება რეკომენდებული არ არის (შეუძლია იმუშაოს მხოლოდ
მიწისზედა უბნებზე).
“კომპანია “საქნახშირის” პრიორიტეტს თანამშრომლების ჯანმრთელობა და მათთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა წარმოადგენს. ამიტომ, აღნიშნული დასკვნის საფუძველზე კომპანიამ გადაწყვიტა, ბატონი ამირანი შახტაში აღარ გაეშვა. კომპანიამ დასაქმებულს ზედაპირული კომპლექის უბანში იმ დროისათვის არსებული ვაკანტური ადგილი შესთავაზა (სამთო მუშაკის თანამდებობა) – შედარებით ნაკლები ანაზღაურებით, თუმცა გაცილებით მსუბუქი დატვირთვით. სამომავლოდ კი, ახალი საშტატო განაკვეთის დამტკიცებისთანავე, ძიძიგურის შახტაზე გადაყვანის საკითხი უნდა განხილულიყო (ასევე ზედაპირულ სამუშოზე).
თავდაპირველად შეთანხმება შედგა, თუმცა 21 ივლისს ამირან ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ უარს ამბობდა 20 ივლისს დაწერილ განცხადებაზე და ნაკლები ანაზღაურების მიღებაზე, რის შემდეგაც ბასრი საგნით კანზე თვითდაზიანება მიიყენა. აღნიშნულ ფაქტზე მოხდა დროული რეაგირება და სასწრაფო დახმარების გამოძახება. ამირან ბოჭორიშვილს აღენიშნება მსუბუქი ნაკაწრი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქნება. ყველა დოკუმენტაცია გადაეცა სამართალდამცავ ორგანოს და მიმდინარეობს ფაქტის გამოძიება,”-ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.