მინდელის სახელობის შახტაში მომხდარს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სპეციალისტები შეისწავლიან.
საწარმოს გენერალური დირექტორის ინფორმაციით, შახტებში ტექნიკური გადაიარაღების თვალსაზრისით, სრული რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. სააგენტოს სპეციალისტები უახლოესი დღეების განმავლობაში შეისწავლიან ავარიის წარმოშობის მიზეზებსა და გარემოებებს.
“ტყიბულში მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი ტექნიკური ინციდენტის შედეგად, რომელიც შახტის ერთ-ერთი ლიფტის ავარიულ გამორთვას უკავშირდება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებით, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფი გაემგზავრა ტყიბულში ადგილზე ვითარების შესასწავლად.
სააგენტოს სპეციალისტები უახლოესი დღეების განმავლობაში შეისწავლიან ავარიის წარმოშობის მიზეზებსა და გარემოებებს, რომლის შედეგადაც მომზადდება დასკვნა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები იქნება გატარებული” , – აღნიშნულია განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ მინდელის სახელობის შახტში ის ლიფტი გამოვიდა მწყობრიდან, რომლითაც მეშახტეები შახტაში ჩადიან. დასაქმებულები უსაფრთხოების გარანტიის მიღებამდე სამუშაოზე შესრულებაზე უარს აცხადებდნენ.