ტყიბულში მეშახტეები სამუშაოს შესრულებაზე უარს აცხადებენ. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს” საქართველოს პროფკავშირების
თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ დოლაბეიძემ განუცხადა, ამის მიზეზი შახტაში არასათანადო სამუშაო პირობები და დაზიანებული ლიფტია, რომელიც ორი დღის წინ დაზიანდა. შემთხვევა მინდელის სახელობის შახტაზე მოხდა.
,,ის ლიფტი გამოვიდა მწყობრიდან, რომლითაც მეშახტეები შახტაში ჩადიან. გუშინდელი დღის შემდეგ, ისინი უარს აცხადებენ სამუშაოების შესრულებაზე, მანამ სანამ არ მიიღებენ უსაფრთხოების გარანტიას.კომპანიამ დაიწყო რამდენიმე თვის წინ ძიძიგურის შახტის გარემონტება. ჩვენ რამდენჯერმე დავუსვით კომპანიას შეკითხვა რატომ არემონტებდნენ ძიძიგურის შახტის ლიფტს მაშინ, როდესაც მინდელის უარეს მდგომარეობაშია. კომპანიაში აცხადებდნენ, რომ მინდელის სახელობის შახტის ლიფტი შემოწმებულია ზედამხედველობის სამსახურის მიერ და აქვთ დასკვნა, რომ ვარგისია, მაგრამ დოკუმენტი არ გვაჩვენეს.”- განაცხადა თამაზ დოლაბერიძემ.
უსაფრთხოების ნორმებთან ერთად მეშახტეები სახელფასო ანაზღაურების ზრდაზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ დაპირება ამ მიმართულებით ჯერ ისევ არ შესრულებულა.