ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ქუთაისში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან
შეხვედრისას ყურადღება ახალი რეფორმის ფარგლებში გეგმიური სამედიცინო შემოწმების კულტურის განვითარებაზე გაამახვილა.
მინისტრის თქმით, ადამიანის ჯანმრთელობის გზა პირველად ჯანდაცვაზე გადის. აუცილებელია პრევენციული სერვისების გაძლიერება, ოჯახისა და სოფლის ექიმების როლისა და დატვირთვის გაზრდა, ოჯახის ექიმთან ვიზიტის და გეგმიური სამედიცინო შემოწმების კულტურის განვითარება.
ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა საქართველოში იმ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობას, რომელიც ბოლო წლებში დასავლეთის ქვეყნებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვნად შეცვლის საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესს.
“ეს ეხება საქართველოს მედიცინისთვის სრულიად ახალ მიმართულებას – ტელემედიცინაზე დაყრდნობილი პირველადი ჯანდაცვის აღჭურვილობას, რომლის საშუალებით მარტივად, უმოკლეს დროში სამედიცინო კვლევის ჩატარება, პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ მონაცემების მიღება და შენახვა, დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა არის შესაძლებელი. ეს საკითხი მნიშვნელოვანია არამხოლოდ პერსონალურად პაციენტისთვის, არამედ სახელმწიფოსთვისაც, რომელსაც ეძლევა მეტი შესაძლებლობა, მუდმივად განახლებადი მონაცემებისა და სტატისტიკის საფუძველზე განსაზღვროს ჯანდაცვის პოლიტიკა და სტრატეგია,”-თქვა მინისტრმა.
ტელემედიცინის პირველად ჯანდაცვაში დანერგვა იძლევა სასწრაფო დახმარების საჭიროების შემცირების შესაძლებლობას, რაც საერთაშორისო მონაცემების თანახმად 30%-ით ამცირებს ჰოსპიტალური შემთხვევების რაოდენობას და მათზე დანახარჯებს. ტელემედიცინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობაა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული დისტანციური კომუნიკაცია. სპეციალური ვიდეო ზარის პროგრამის საშუალებით, ექიმ-სპეციალისტს შეუძლია ოჯახის ექიმთან ვიზიტზე მყოფი პაციენტის კონსულტირება და დიაგნოსტიკა.
ფოტო: “ძველი ქალაქი”