სანატორიუმ “მედეაში”, რომლის ყიდვასაც სხვა სანატორიუმებთან ერთად ბიძინა ივანიშვილი აპირებს,

ამ დროისათვის 20-25 დევნილი ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ ნაწილს ბინა მიღებული აქვს, თუმცა, გადასვლას ვერ ახერხებენ, რადგან მისი მოწყობის საშუალება არ აქვთ. ნაწილმა კი იპოთეკის გამო ბინა დაკარგა და კვლავ სანატორიუმში დაბრუნდა. დევნილების თქმით, არიან ისეთებიც, რომელთაც ბინა ჯერ არ მიუღიათ. ისინი შიშობენ, რომ თავშესაფრის გარეშე დარჩებიან.

“სანამ ბინას ავიღებ აქედან გამაგდებენ? არ ვიცი, ამ დანგრეულ შენობაში რა უნდა გააკეთონ. სახლის გარეშე რატო უნდა დაგვტოვონ ? ჯერ ჩვენ მოგვცენ ბინა და მერე წაიღონ სანატორიუმები. ახლა რო გამოგვყარონ სად წავიდეთ? ბინა უნდა მომცენ, მაგრამ არ ვიცი როდის ან სად უნდა გადავიდეთ. ჩემსავით ასეთ მდგომარეობაში ბევრია. აქ საშიშია ცხოვრება, დანგრეულია ყველაფერი,”- ამბობს იამზე გიორგაძე.

“რომ გაკეთდეს არ ვარ წინააღმდეგი. ივანიშვილი იყიდის თუ სხვა ვინმე ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია გაკეთდეს და კარგი იყოს. 27 წელია აქ ვცხოვრობ, ბინა მაქვს, მაგრამ ვერ გადავდივარ. ბინა ქუთაისში მივიღე,”-ამბობს დავით მეტრეველი.

“ბინა მივიღე, მაგრამ არ მაქვს იმის საშუალება, რომ მოვაწყო და გავაკეთო. ადგილი უნდა გალამაზდეს და ქალაქი განვითარდეს,”-ამბობს ინვერი გულუა.

ეკონომიკის მინისტრისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, წყალტუბოსა და ქუთაისში დევნილებისათვის კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს და სანატორიუმში მცხოვრებლები ბინებს იქ მიიღებენ.

წყალტუბოში 5 000 დევნილი ცხოვრობს.




ფოტო:რადიო “ძველი ქალაქი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *