ტყიბულის, საჩხერისა და სამტრედიის მუნიციპალური სამსახურების ნაწილი
ნაქირავებ შენობებში მუშაობს. ინფორმაციას ამის შესახებ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” ავრცელებს.
ორგანიზაციამ თბილისის გარდა, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ ვის საკუთრებაშია ის შენობები, სადაც განთავსებულია მერია, საკრებულო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული ყველა სხვა მუნიციპალური დაწესებულება.
როგორც მიღებული ინფორმაციით დგინდება, 63 მუნიციპალიტეტს შორის 22-ს საკუთრებაში არ აქვს საკმარისი რაოდენობის შენობა საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად.
იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან ტყიბულის, საჩხერისა და სამტრედიის მუნიციპალური სამსახურების ნაწილი ნაქირავებ შენობებში მუშაობენ.
კონკრეტულად, საჩხერეში ნაქირავებ ფართშია განთავსებული ა(ა)იპ მედია ჯაფარიძის სახელობის არგვეთის კულტურის სახლი (2019 წლის ქირა 4,560ლარი).
ტყიბულში მუხურის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლისა და აპარატის სამუშაო ოთახები ასევე ნაქირავებ ფართშია განთავსებული (2019 წლის ქირა 1,500 ლარი).
სამტრედიაში შენობები დაქირავებულია ა(ა)იპ გამწვანებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებისათვის, ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებისათვის (2019 წლის ქირა 5,175 ლარი)
,,საკმარისი ოდენობის ქონების არქონა კი მნიშვნელოვნად უშლის ხელს ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებას, აფერხებს მუნიციპალური სერვისების მიწოდების პროცესს, აძვირებს მას, ხშირ შემთხვევაში კი მუნიციპალიტეტები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, მათსავე ტერიტორიაზე არსებული ქონება გამოიყენონ შემოსავლების გასაზრდელად.
ხელისუფლება ამჟამად 2019-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმაზე მუშაობს, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია თუ რა სახის და ოდენობის ქონება შეიძლება გადაეცეთ თვითმმართველობებს საკუთრებაში.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს საქართველოს პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას გადადგან ქმედითი ნაბიჯები თვითმმართველობების გაძლიერებისათვის და მუნიციპალიტეტებს საკუთრებაში გადასცენ ყველა ის ქონება, რაც, ერთის მხრივ, აუცილებელია მათი უფლებამოსილებების განსახორციელებლად, მეორეს მხრივ კი მუნიციპალიტეტებს გაუჩენს დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას.
ამასთანავე პრობლემურია შემდეგი გარემოებაც – დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მუნიციპალიტეტები შენობის ქირაობისას ხელშეკრულებას აფორმებენ სასურველი შენობის მეპატრონესთან, რაც ქმნის კორუფციული გარიგების რისკებს. ამ რისკის შესამცირებლად აუცილებელია დამკვიდრდეს უკეთესი სტანდარტი და კონკრეტული უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო შენობა მუნიციპალიტეტმა შეარჩიოს საჯარო გამოცხადების, კონკურსის ან/და ფასთა გამოკითხვის მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობასაც და თვითმმართველობის მიერ გასაწევი ხარჯების გარკვეულ ეკონომიასაც.”- აცხადებენ ორგანიზაციაში.
.