ტყიბულის მერის თემურ ჩუბინიძის განცხადებით, მისი ინფორმაციით,
გაფიცულ მეშახტეებს ხელფასები კვირის ბოლოს დაურიგდება. როგორც ჩუბინიძე ამბობს, ის გაფიცულ მეშახტეებსაც შეხვდა და ასევე კომუნიკაცია ჰქონდა ადმინისტრაციასთან.
“იცით, რომ მთავრობის განკარგულებით, შახტი კონსერვაციის რეჟიმზეა გადაყვანილი. წინა თვეებშიც იყო შეფერხებები ხელფასთან დაკავშირებით და როგორც მე ვარ ინფორმირებული, 15-17 რიცხვებში მეშახტეებს ხელფასები ყოველთვის ურიგდებოდათ. ამ თვეში დააგვიანდათ ხელფასების ჩარიცხვა და საეჭვო სიტუაცია შეიქმნა და მე აბსოლიტურად სოლიდარობას ვუცხადებ ამ ხალხს, რადგან მათ ჰყავთ ოჯახები და აქვთ ვალდებულებები ბანკებთან. ადმინისტრაციაში მქონდა შეხვედრები და ვარაუდობენ, რომ კვირის ბოლოსთვის მეშახტეების ხელფასები იქნება დარიცხული. ხელფასების გაუცემლობის მიზეზი ჩემთვის უცნობია,”-განაცხადა ტყიბულის მერმა.
მეშახტეებსა და ადმინისტრაციას შორის გამართული შეხვედრით უკმაყოფილო არიან მეშახტეები და ამბობენ, რომ მათ ადმინისტრაციისაგან გარკვეული პასუხები ვერ მიიღეს. ისინი აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, საპროტესტო აქციები გაგრძელდება.