გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 257 ფაქტი გამოავლინეს.
ყველაზე მეტი – 116 ფაქტი კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა. ქვემო ქართლში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 31 სამართალდარღვევა გამოავლინეს. აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით დაფიქსირდა 29 ფაქტი, იმერეთში – 23, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე -17, შიდა ქართლშიც – 17, მცხეთა-მთიანეთში – 9, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში – 6-6, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი, 2 ფაქტი დაფიქსირდა. თბილისში, აგვისტოში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი გამოვლინდა.
“ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 970 მ3-მდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 38 ფაქტი და ამოღებულია 19 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლით აწარმოებს.”- წერია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.