ქუთაისელი 10 წლის მოჭადრაკე ანასტასია კირთაძე ჩინეთში გამართულ მსოფლიო სასკოლო
პირველობაზე საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა. ანასტასიამ 10 წლის ასაკის მონაწილეთა შორის გამართულ შეჯიბრში 7-ნახევარი ქულა მოაგროვა და მე-6 ადგილზე გავიდა.
“გვქონდა არჩევანის უფლება, შეგვეძლო აგვერჩია ევროპა ან ჩინეთი. ჩვენ ავირჩიეთ ევროპა და მოვიგეთ ბრინჯაოს მედალი სლოვაკეთში. ამის შემდეგ, აღარ გვქონდა უფლება ჩინეთში მიგვეღო მონაწილეობა. ქუთაისის მერი დაგვპირდა, თუ ევროპის ჩემპიონატზე დავდებდით შედეგს, დაგვეხმარებოდა ჩინეთში წასვლაში. დავუკავშირდით გიორგი ჭიღვარიას, რომელიც ძალიან დაგვეხმარა, რომ ბავშვი ჩინეთში წასულიყო. მერმა არნახული გვერდით დგომა გამოიჩინა და რამდენიმე დღეში ყველა ფინანსური პრობლემა და დეტალი მოვაგვარეთ,”-ამბობს ანასტასია კირთაძის დედა, ირმა ფანჩულიძე.
როგორც ირმა ფანჩულიძემ აღნიშნა, ვერც ერთმა ევროპელმა მონაწილემ ვერ შეძლო საპრიზო ადგილის დაკავება და 10 წლის ანასტასიას გამარჯვება დიდი მიღწევაა.
ჩინეთში გამართულ პირველობაზე საქართველოდან 7 ბავშვი იღებდა მონაწილეობას. ჯამში კი კონკურსზე 55 ქვეყნის 91 წარმომადგენელი ასპარეზობდა.
შეჯიბრი 20 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე მიმდინარეობდა.