ქუთაისში ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის პროექტის შესადგენად ტენდერი
თავიდან გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ისევ 15 ათასი ლარია. პირველად გამოცხადებულ ტენდერში, რომელშიც წინადადებების მიღება 30 ივლისს დასრულდა, მონაწილეობა არავინ მიიღო.
ქუთაისში, ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციაზე ქუთაისის მერმა მრჩეველთა საბჭოში ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.
,, ჩვენ თავიდანვე დავაანონსეთ ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია, თუმცა ამაზე ფიქრი არ შეგვიწყვეტია. იქ იყო ტერიტორია, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო და ის იყო პროვატიზაციაში, ამიტომ ის პროექტი, რასაც ვფიქრობდით, ვეღარ განვახორციელეთ. ამიტომ თავიდან, ოფიციალურად ვყიდულობთ პროექტს და ასსაფეხურიანი კიბე ჩაისმება იმ მარშრუტში, რომელიც ტურისტმა უნდა გაიაროს.”- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
ქუთაისის ასსაფეხურიანი კიბე გასული საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში აშენდა. კიბის პირველი სარეაბილიტაციო სამუშაოები 2011 წელს ჩატარდა და რეკონსტრუქცია “კომუნმშენპროეტის” მიერ შექმნილი გეგმის მიხედვით განხორციელდა. პროექტის მიხედვით კიბის დიზაინში მნიშვნელოვანი ცვლილება არ შესულა, მოხდა მოაჯირების, განათებისა და გამწვანების ზოლის განახლება.
ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისაათვის საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 9 აგვისტოს იწყება და 12 აგვისტოს მთავრდება.