საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია ქუთაისის მუნიციპალიტეტის
მერიის ა(ა)იპ სპეციალური სერვისების უსახლკარო ცხოველთა თავშესაფრის ვეტ-ექიმის სამსახურიდან გაშვებას ითხოვს. ორგანიზაციის განცხადებით, ექიმითორნიკე თოდაძე თანხის სანაცვლოდ ჯანმრთელი ძაღლის ევთანაზიაზე თანხმდებოდა.
“ცხოველთა დაცვის ფედერაციის სპეციალური განცხადება: მოგეხსენებათ, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ სპეციალური სერვისების უსახლკარო ცხოველთა თავშესაფრის ხელმძღვანელმა ლაშა ციბაძემ თანამდებობა უკვე დატოვა, ასევე მოვითხოვთ ვეტერინარი ექიმი თორნიკე თოდიძის სამსახურიდან განთავისუფლებას, რომელიც თანხის სანაცვლოდ ჯანმრთელი ძაღლის ევთანაზიაზე თანხმდებოდა. ასევე მივმართავთ ქუთაისის მერიას ქუთაისის უსახლკარო ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ხელმძღვანელის პოზიციაზე დანიშნოს ცნობილი ცხოველთა უფლებადამცველი და ოზურგეთის თავშესაფრის ხელმძღვანელი გულნარა ფუტკარაძე (საზოგადოებისათვის ცნობილი როგორც გულო ფუტკარაძე), რომელსაც აქვს შესაბამისი გამოცდილება, რომელმაც მოახერხა და ერთ წელიწადში ოზურგეთის თავშესაფრის ეფექტურობა რადიკალურად გააუმჯობესა. გთავაზობთ ვიდეო ჩანაწერს, გადაღებულია ქუთაისის მერიის ცხოველთა თავშესაფარში, ვიდეოში ასახული პირი არის ამ თავშესაფრის ვეტერინარი ექიმი თორნიკე თოდიძე.”-წერია ორგანზაციის განცხადებაში.
ფედერაციის განცხადებას ქუთაისის მერიის ა(ა)პ ,,სპეციალურ სერვისებში” პასუხობენ და აცხადებენ, რომ სამსახურის მიზანმიმართული დისკრედიტაცია მიმდინარეობს. ა(ა)იპ-ში ორგანიზაციისგან ბოდიშის მოხდას იტხოვენ. წინააღდეგ შემთხვევაში სასამართლოს მიმართავენ.
“ქალაქ ქუთაისის მერიის ა/ა/აიპ “სპეციალური სერვისები” საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ აუდიო–ვიდეო მასალის შინაარს ეხმაურება და შემდეგ განმარტებას აკეთებს.
ბოლო დროს ზემოთ აღნიშნული არასამთავრო ორგანიზაციის მხრიდან მიზანმიმართულად მიმდინარეობს ა/ა/იპ “სპეციალური სერვისების” უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლირების სამსახურის დისკრედიტაცია, რაც ერთმნიშვნელოვნად ემსახურება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ცრუ ინფორმაციების ტირაჟირებას.
რაც შეეხება კონტრეტულ ფაქტს: აღნიშნული ვიდეო მასალა სავარაუდოდ ჩაწერილია ორი თვის უკან, სადაც მეპატრონე თავისი კუთვნილი ცხოველის ევთანაზიას კატეგორიულად თხოვს თავშესაფრის ვეტექიმს თორნიკე თოდაძეს მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ის გაურკვეველი ვადით ტოვებდა ქალაქს და ვერ ახერხება ძაღლის საზღვრების გარეთ წაყვანას.
ექიმების გადაწყვეტილებით იქვე, ცხოველს ჩაუტარდა გამოკვლევები, რის საფუძველზეც მეპატრონეს უარი ეთქვა ძაღლის ევთანაზიაზე ვინაიდან იგი იყო სრულიად ჯანმრთელი, აქვე გვინდა განვაცხადოთ რომ თითქოსდა ვეტექიმმა თორნიკე თოდაძემ აღნიშნულ პიროვნებას მოსთხოვა თანხა გარკვეული მომსახურეობის გაწევის მიზნით მხოლოდ ფაქტის უტრირება და მეტი არაფერი. ჩვენი ვეტექიმების მხრიდან ძაღლის მეპატრონეს განემარტა, რომ ევთანაზიისა და ლეშის დამარხვის შემთხვევაში მას მოუწევდა გარკვეული საფასურის გადახდა, ვინაიდან კერძო მეპატრონეების მფლობელობაში მყოფი ცხოველების მოვლა–პატრონობა და მათთვის სამედიცინო მომსახურეობის გაწევა წარმოადგენს ფასიან სერვისს, რაც დამტკიცებულია სპეციალური სერვისების დირექტორის №250 ბრძანებით იხ.დანართი №1, №2, აქვე მოგახსენებთ იმასაც, რომ საწარმოს ეკონომიკური ინტერესებისა და საქმიანობის სრულყოფნის მიზნით ყველა იმ ადამიანისთვის ვისთვისაც ძვირფასია მისი ოთხფეხა მეგობარი, მათთვის სამედიცინო თუ სხვა სახის მომსახურეობის გაწევა, წარმოადგენს კანონით ფასიანი მომსახურეობის სერვისებს.
ყოველივე აქედან გამომდინარე და ცხოველთა დაცვის ფედერაციის მიერ გავრცელებული განცხადების საფუძველზე ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მათ არ აინტერესებთ თავშესაფარში არსებული რეალური სიტუაცია და მათი ეს ქმედებები ემსახურება კერძო ინტერესებს, რაც გამოიხატება თავშესაფრის უფროსის პოზიციაზე მათ მიერვე შერჩეული და რეკომენდირებული კანდიდატის დანიშვნის მოწოდებაში.
ა/ა/იპ “სპეციალური სერვისების” ადმინისტრაცია კატეგორიულად ითხოვს არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან ყოველგვარი მონტაჟის გარეშე გასაჯაროვდეს აღნიშნული ჩანაწერი.
ცრუ ინფორმაციის გავრცელებისათვის მოიხადონ საჯაროდ ბოდიში. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი მისამართით განხორციელებული მიზანმიმართული ცილისწამებისა და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებისათვის მივმართავთ სასამართლოს.”- წერია ა(ა)იპ სპეციალური სერვისების განცხადებაში.