ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კაფე “სავანეს” საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.
გადაწყვეტილების მიხედვით, კაფე “სავანეს” მეპატრონეები ტერიტორიას საკუთრებაში ვერ დაირეგისტრირებენ. მოსამართლის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის კანონით სკვერი, ბაღი და სხვა საზოგადოებრივი სივრცეები ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაა. ამიტომ ტურაბელიძეებს “სავანეს” ტერიტორიის მხოლოდ იჯარით აღება შეეძლებათ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან ,,სავანეს” მეპატრონეები. ადვოკატის, ნინო მეფარიშვილის თქმით, გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოსა და სტრასბურგში გაასაჩივრებენ.
“0,001 პროცენტი, რაც კი გვქონდა დარჩენილი, რომ სასამართლო იქნებოდა სამართლიანი, აბსოლუტურად გააქარწყლა სააპელაციო სასამართლომ. პირადად ჩემი შეხედულებით, ვფიქრობ, სასამართლოს მართავს კლანი. სასამართლო არ არის ობიექტური. ეს არის საქმე, სადაც შავით თეთრზე იკითხება ყველაფერი. ვინც კი ამ საქმეს ეცნობა, ყველამ იცის, რომ ,,შ.პ.ს. ნიკოლო” არის მართალი და მათ ეკუთვნის “სავანე”. სასამარლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თითქოს ცარიელია ის მიწა და თითქოს დოკუმენტები არ არის გაყალბებული. სასამრთლოს საერთოდ არ უმსჯელია საკადასტრო ნახაზზე. მიანიჭა სკვერის სტატუსი შენობის ქვეშ მიწას, რომელიც არ აქვს და არც ჰქონია. 71 წლიდან არსებობდა ეს მიწა როგორც შენობა ნაგებობის ქვეშ არსებული მიწა და ვერ იქნებოდა სკვერი, რადგან შენობა-ნაგებობის შემადგენელი ნაწილია. ვერავინ ვერ იტყვის, რომ საქმეს არაკვალიფიციური შემადგენლობა იხილავდა. ძალიან კვალიფიციური შემადგენლობა იხილავდა და ეს იყო პირდაპირი დავალების შესრულება. ამ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამრთლოში გავასაჩივრებთ და სტრასბურგშიც. ბოლომდე ვიბრძოლებთ”.- განაცხადა ნინო მეფარიშვილმა.
გადაწყვეტილების გამოცხადებას ქუთაისის მერიის წარმომადგნლები არ დასწრებიან. ტურაბელიძეების თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილების შესახებ მათ წინასწარ იცოდნენ.
შეგახსენებთ, კაფეს მფლობელები ქუთაისის მერიას ობიექტის მითვისების მცდელობაში ადანაშაულებენ. კაფეს მეპატრონეები აცხადებენ, რომ მათ ობიექტი 23 წლის წინ 10 000 დოლარად შეიძინეს, რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც არსებობს. მათივე განმარტებით, მერიამ აზომვითი ნახაზები გააყალბა და მასზე ტერიტორია კონსტრუქციის გარეშეა დატანილი.
კაფე “სავანეს” მეპატრონეების ბრალდებებს, ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსმა, ირაკლი გიორგაძემ უპასუხა. როგორც იურიდიული განყოფილების უფროსი ამბობს, 23 წლის წინ ტურაბელიძეებმა მხოლოდ ბამბუკის კონსტრუქცია შეიძინეს, რომელიც მიწასთან უძრავად დაკავშირებული არ იყო.