ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ცენტრალურ
ბულვარში მდებარე კაფე “სავანეს” დაჯარიმების საკითხი განიხილა.
ქუთაისის მერია ობიექტის მეპატრონეებს ფასადზე საპროტესტო პლაკატების გაკვრას ედავებოდა და 1000 ლარით აჯარიმებდა.
მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა სხდომაზე განაცხადა, რომ კაფე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არეალში მდებარეობს და მასზე პლაკატების გაკვრის ნებართვა ობიექტის მფლობელებს მერიისაგან უნდა მიეღოთ.
მოსამართლე მანანა ნიკაჭაძემ 1 000 ლარიანი ჯარიმა გააუქმა, თუმცა, ობიექტის მფლობელებს სიტყვიერი შენიშვნა მისცა, რაც პლაკატების კაფეს ფასადიდან ჩამოხსნას გულისხმობს.
მოსამართლის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო არიან ობიექტის მფლობელები და შედეგის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ. მათი თქმით, მიღებული გადაწყვეტილებით სასამართლომ გამოხატვის თავისუფლება შეზღუდა.