სამოქალაქო განათლების სწავლების კუთხით იმერეთის სკოლებში სხვადასხვა სიტუაციაა.
აღნიშნულის შესახებ განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, ლია კილაძემ განაცხადა.
“ყველა თანხმდება იმაზე, რომ სამოქალაქო განათლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საგანია. შეიძლება ითქვას, ჩვენი ზოგადი განათლების სისტემა სამოქალაქო განათლებას ეფუძნება. მისი მთავარი მიზანი არის მოქალაქის აღზრდა და მისი ჩამოყალიბების ხელშეწყობა. სკოლებს შორის განსხვავება ბევრია, ზოგადად, პედაგოგების მომზადების ხარისხი, მოტივაცია, მობილიზაციის ხარისხი არის განსხვავებული. ეს აისახება პრაქტიკულ ღონისძიებებზე მოსწავლეებთან მუშაობისას. სხვადასხვა კვლევები ტარდება პროექტების ფარგლებში, ვერ ვიტყვი რომ ხარისხი სწავლების დაბალია, თუმცა 50%-ზე ზევით შედეგისათვის ვერ მიგვიღწევია. სამოქალაქო განათლების საგანი შედარებით ახალია და სკოლებს მათი სწავლების პროცესში დახმარება ესაჭიროება,”-განაცხადა ლია კილაძემ პროექტის “მომავლის თაობის” წლის შუალედურ შემაჯამებელ ღონისძიებაზე.
პროგრამა “მომავალი თაობა” მიზნად ისახავს სკოლებში სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის გაუმჯობესებას, მოსწავლეების მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
პროექტში იმერეთის რეგიონში 30 სკოლის 450-ზე მეტი მოსწავლე იყო ჩართული. წლის განმავლობაში 60 სასკოლო და 30 საკლუბო ინიციატივა განხორციელდა.