სტიქიის შემდეგ, წყლის ცენტრალური მაგისტრალის
დაზიანების გამო, დაბა ხარაგაულის მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება.
გაერთანებული წყალმომარაგების კომპანია წყლის მიწოდებას სპეციალური ცისტერნებით უზრუნველყოფს. მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგება იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე პატარა ხარაგაულში ალტერნატიული სატუმბი სადგური არ მოეწყობა, რასაც, სავარაუდოდ, ერთი კვირა დასჭირდება.
როგორც წყალმომარაგების კომპანიის ხარაგაულის სერვისცენტრში აცხადებენ, სატუმბი სადგურის გამართვის შემდეგ, ხარაგაულის მოსახლეობა წყალს გრაფიკით, დილით და საღამოს მიიღებს.
რაც შეეხება ცენტრალურ მაგისტრალს, რომელიც სოფელ ლეღვანიდან მოდის და სტიქიის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა, ამჟამად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები. კომპანიაში ჯერ მაგისტრალის აღდგენის სავარაუდო დროს ვერ ასახელებენ.
ხარაგაულში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი ამ ეტაპზე დაახლოებით ერთ მილიონ ლარს შეადგენს, თუმცა შესაძლოა ეს რიცხვი გაიზარდოს.
შეგახსენებთ, რომ 7 ივნისს მოსულმა უხვმა ნალექმა დააზარალა ხარაგაულის სოფლები მარელისი, ლეღვანი და დიდვაკე. წაღებულია გზები და ჩანგრეულია ხიდები. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები.
ფოტო: ხარაგაულის მერია