ქუთაისში “ქართული ოცნების” დეპუტატის, ნანა კოსტავას, საკრებულოდან გაშვებას მოითხოვენ.
სამოქალაქო აქტივისტები აქციას ქუთაისის მერიასთან დღეს, 17:30 საათზე, გამართავენ.
“დღეს, 30 მაისს, ვიკრიბებით 17:30 საათზე, ქუთაისის მერიის წინ, რათა გავაპროტესტოთ ქართული ოცნებიდან ქუთაისის საკრებულოს წევრის, ნანა კოსტავას ქმედება. როგორც მოგეხსენაბთ, 2019 წლის 26 მაისს, ნინოსხევის ჩანჩქერთან ექსკურსიაზე ყოფნისას მდინარეში ჩავარდა და ტრაგიკულად დაიღუპა 16 წლის მოზარდი სოფი ნიკოლეიშვილი.
2019 წლის 28 მაისს, ქუთაისის საკრებულოს წევრმა, ქართული ოცნებიდან – ნანა კოსტავამ ფეისბუქზე, ტრაგიკულად გარდაცვლილი გოგოს, სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!”- აცხადებენ ორგანიზატორები.
“კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!”. – ამ წარწერით ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა “ქართული ოცნებიდან” ნანა კოსტავამ ბლოგერის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა. სალომე ბარკერის 16 წლის და 26 მაისს ლაგოდეხში დაიღუპა. გოგონა ექსკურსიაზე იმყოფებოდა.
მას შემდეგ რაც დეპუტატის პოსტი სოციალურ ქსელში გავრცელდა და უარყოფითი გამოხმაურება მოჰვა, პოსტი წაშალა განმარტება გამოაქვეყნა:
“ჩემო მეგობრებო, ნამდვილად არ ვიცოდი სალომე ბარკერის ოჯახზე თავსდამტყდარი უბედურება….ვუსამძიმრებ მის ოჯახს და განვიცდი ნამდვილად, მე ჩემი მენტალობიდან გამომდინარე ვებრძვი ჩემი გვერდიდან ქართული ფასეულობებისა და მართლმადიდებლობის შეურაცხმყოფელ ვიდეოებსა და გამონათქვამებს, ჩემი პოსტიც ამას ემსახურებოდა და მეტს არაფერს, მეც შვილების დედა ვარ და ზუსტად ისეთივე შოკს და ტრაგედიას განვიცდი , რასაც ეს ოჯახი. მომიტევეთ და მაპატიეთ”.- წერს დეპუტატი.