“კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!”. – ამ წარწერით ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა “ქართული ოცნებიდან” ნანა კოსტავამ ბლოგერის,
სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა. სალომე ბარკერის 16 წლის და 26 მაისს ლაგოდეხში დაიღუპა. გოგონა ექსკურსიაზე იმყოფებოდა.
მას შემდეგ რაც დეპუტატის პოსტი სოციალურ ქსელში გავრცელდა და უარყოფითი გამოხმაურება მოჰვა, პოსტი წაშალა განმარტება გამოაქვეყნა:
“ჩემო მეგობრებო, ნამდვილად არ ვიცოდი სალომე ბარკერის ოჯახზე თავსდამტყდარი უბედურება….ვუსამძიმრებ მის ოჯახს და განვიცდი ნამდვილად, მე ჩემი მენტალობიდან გამომდინარე ვებრძვი ჩემი გვერდიდან ქართული ფასეულობებისა და მართლმადიდებლობის შეურაცხმყოფელ ვიდეოებსა და გამონათქვამებს, ჩემი პოსტიც ამას ემსახურებოდა და მეტს არაფერს, მეც შვილების დედა ვარ და ზუსტად ისეთივე შოკს და ტრაგედიას განვიცდი , რასაც ეს ოჯახი. მომიტევეთ და მაპატიეთ”.- წერს დეპუტატი.
“ქართული ოცნების” დეპუტატის პოსტზე, მისივე კოლეგა ასევე “ქართული ოცნების” საკრებულოს დეპუტატი ელეონორა არჩაია ბოდიშს იხდის.
“მინდა, პირადად მოვუხადო ბოდიში საზოგადოებას, ჩემი კოლეგის განცხადების თაობაზე. ვუსამძიმრებ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს ამ ენით აღუწერელ ტრაგედიას და მთელი გულით ვწუხვარ და განვიცდი ასეთი ტკივილის დროს, მსგავსი ამოუხსნელი განცხადების გაჟღერებას, რომელსაც ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, რა თქმა უნდა ემიჯნება.”- წერს ელეონორა არჩაია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ნანა კოსტავას ქმედებას არც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იზიარებენ .
“ნამდვილად მიუღებელია ასეთი პოსტები ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს! არ შეიძლება ადამიანის სიკვდილზე (მით უფრო ბავშვის) ასეთი პოსტების დადება. ამ საქციელს გამართლება არ აქვს!!! სირცხვილია!!! ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს! ღმერთმა გაანათლოს მისი სული!” – აცხადებს საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” გიგა შუშანია.
ნანა კოსტავა ამავდროულად საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრია. არ არის გამორიცხული დეპუტატს საბჭო დაატოვებინონ.