EMC და საია ჭიათურაში, შპს “ჯორჯიან მანგანეზის” ვახტურ რეჟიმზე მომუშავე
დასაქმებული მაღაროელების გაფიცვას ეხმიანებიან. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიის მხრიდან შრომითი უფლებები ირღვევა.
“EMC და საია გმობენ შრომითი უფლებების დარღვევის პრაქტიკას შპს “ჯორჯიან მანგანეზში”. ამ პრაქტიკის არსებობას ადასტურებს და ააშკარავებს ჭიათურაში შრომითი სიტუაციის შესახებ ჩატარებული კვლევები, გაფიცვის მონაწილეების ჩვენებები, ისევე, როგორც, მიმდინარე გაფიცვის სპონტანური ხასიათი.
მიუხედავად იმისა, რომ გაფიცულები საკუთარ პრობლემებს მხოლოდ ზემოჩამოთვლილ ოთხ მოთხოვნად აყალიბებენ, ხაზი უნდა გაესვას შრომის უსაფრთხოების მხრივ ჭიათურის მაღაროებში არსებულ მძიმე მდგომარეობას.
ასევე, ხშირია საწარმოს მხრიდან შესვენების, დასვენების, ბიულეტენის, ზეგანაკვეთური შრომის წესების დარღვევის ფაქტები და შრომითი კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების გარდა, დასაქმებულებისთვის დამატებითი სამუშაოს მიცემის პრაქტიკა.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ შპს “ჯორჯიან მანგანეზს”, გაითვალისწინოს გაფიცულთა სამართლიანი მოთხოვნები და პატივი სცეს დასაქმებულების შრომით უფლებებს და შრომის კანონმდებლობას. გარდა ამისა, მოვუწოდებთ კომპანიას, თავი შეიკავოს დასაქმებულებზე ზეწოლისგან, სასამართლოსა და სამართალდამცავების ჩართულობაზე აპელირებით,”-ნათქვამია განცხადებაში.
EMC და საია სახელმწიფოსაც მიმართავენ და დასაქმებულების უფლებების დაცვას ითხოვენ.
“მოვუწოდებთ სახელმწიფოს, უზრუნველყოს საწარმოში შრომის უსაფრთხოების წესებისა და შრომითი უფლებების დაცვა და ამავე დროს, იყოს გარანტი დასაქმებულების უფლებისა, იბრძოლონ საკუთარი უფლებებისა და სამართლიანი და ღირსეული სამუშაო გარემოსთვის,”-ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციებში ამბობენ, რომ მიმდინარე გაფიცვა ასევე აჩვენებს შრომის კანონმდებლობის ხარვეზებსაც. მათივე განმარტებით, ამ მიმართულებით აუცილებელია, რომ სახელმწიფომ გაზარდოს შრომის ინსპექციის მანდატი და დაავალოს შრომითი უფლებების დაცვის ზედამხედველობა.