ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება. ისინი შრომითი და სოციალური პირობების გაუმჯობესებას,
ხელფასების ზრდას ითხოვენ. შპს “ჯორჯიან მანგანეზი” მაღაროელების ანაზღაურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატში 3214 თანამშრომელია დასაქმებული. მათივე განმარტებით, კომპანიის თანამშრომელთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება 1002 ლარია. აქედან, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის საშუალო ხელფასი 1465 ლარი, ხოლო მუშა-მოსამსახურეების – 924 ლარი.
“კომპანიის სახელფასო ფონდი თვეში საშუალოდ შეადგენს 3.143.000 ლარს, სადაც ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის ხელფასის წილი 21,1 %-ს შეადგენს, ხოლო მუშა-მოსამსახურეთა – 78,9 %-ს,”-აცახდებენ კომპანიაში.
“ჯორჯიან მანგანეზში” ამბობენ, რომ ხელფასთან ერთად, თანამშრომლები სარგებლობენ სამედიცინო დაზღვევის, ტრანსპორტის და კვების შეღავათებით, რომლის ჯამური ხარჯი თვეში 610.000 ლარია. მათივე განცხადებით, “ჯორჯიან მანგანეზის” სადაზღვევო მომსახურებით 3116 თანამშრომელთან ერთად სარგებლობენ მათი ოჯახის წევრებიც. საოჯახო დაზღვევის პაკეტი თანამშრომელს, მის მეუღლეს და 25 წლამდე შვილების დაზღვევას ფარავს. სადაზღვევო მომსახურება ჯამში 8012 პირზე ვრცელდება, რაც წლის განმავლობაში კომპანიას 1.860.000 ლარი უჯდება.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღეა ჭიათურაში აქციები მიმდინარეობს. შიმშილობა დაიწყო 15-მდე მუშამ, რომელთაგან ერთი შეუძლოდ გახდა. დღეს კი ერთმა მაღაროელმა პირი ამოიკერა.
მაღაროელებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის ხელფასების 50 %-ით ზრდა.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე