“დარგვა ჭრის ნაცვლად” – ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის
ადგილზე წითელ წიგნში შეტანილი ხეების მოჭრა გააპროტესტეს.
სამოქალაქო მოძრაობის იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები მშენებარე ტექოლნოლოგიურ უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ.
მათი განცხადებით, იმის მაგივრად, რომ ტყეში სანიტარული ჭრები ტარდებოდეს, წითელ წიგნში შეტანილი ხეების მოჭრა გადაწყდა, რაც არასწორია.
” რამდენიმე დღის წინ გავრცელდა მთავრობის განკარგულება , რომელიდანაც ვგებულობთ, რომ 109 ძირი ხის მოჭრა ხდება და ეს არის ჩვეულებრივი ხეები. წითელ წიგნში შეტანილი უიშვიათესი ხეებია და დიდი ალბათობით ჯანმრთელი ხეებია. საღორიის ტყის ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ხეა, რომელსაც სჭირდება სანიტარული ჭრა. ამას არ აკეთებს ჩვენი ხელისუფლება და სანაცვლოდ იჭრება ძალიან მნიშვნელოვანი ხეები. ამან გამოიწვია ჩვენი პროტესტი, რადგან ყოველგვარი დასაბუთების გარეშე კომპანიას მიეცა საშუალება რომ ამ ოდენობის ხე მოჭრას. ” – განაცხადა გვანცა ჩოგოვაძემ.
საქართველოს მთავრობის განკარგულების მიხედვით, ა(ა)იპ ასოციაცია ატუს, ქუთაისში საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობის განსახორციელებლად წითელ წიგნში შეტანილი 60 ძირი “იმერული მუხისა” და ასევე წითელ წიგნში შეტანილი 49 ძირი “ძელქვას” მოჭრის ნება მიეცა. საუნივერსიტეტო კომპლექსის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციის მიხედვით, ტერიტორიაზე მეტწილად გამხმარი ხეები მოიჭრება და მათ ნაცვლად ახალი ხეები დაირგვება.