ქუთაისში ცხოველთა რეგიონული თავშესაფრის მოწყობისათვის
საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად ტენდერი გამოცხადდა.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და ამავე დოკუმენტაციის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოებისათვის საავტორო ზედამხედველობის გაწევისათვის 155 ათასი ლარი გამოყო.
აღნიშნული თანა მხოლოდ ქუთაისში მოსაწყობ თავშესაფრის პროექტირებისთვის არაა განკუთვნილი. ქუთაისთან ერთად ცხოველთა რეგიონული თავშესაფარი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარსა და რუსთავში მოეწყობა.
პროექტის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იყოს თანამედროვე სამშენებლო მასალების გამოყენება და ენერგო ეფექტური მშენებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა. პროექტის მიზანია: ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო გარემოს შექმნა; მასთან დაკავშირებული რისკების შეფასება და მართვა,ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციის მართვის თანამედროვე, აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების დანერგვა; ცხოველთა კეთილდღეობაზე მონიტორინგი და პოპულაციის მართვა – კონტროლის ორგანიზება – აღრიცხვა.
ცხოველები მოთავსებულნი უნდა იყონ შენობაში ან ვოლიერებში;ჰქონდეს ვენტილაცია, კანალიზაცია, ცხელი და ცივი წყალმომარაგება; შენობის ოთახების, ვოლიერის (სადაც ხდება ცხოველთა განთავსება და მომსახურება) კედლების, ჭერისა და იატაკის მოპირკეთება უნდა იძლეოდეს სველი წესით დასუფთავების და დეზინფექციის საშუალებას.
ადმინისტრაციისა და კარანტინის შენობა, ვეტერინარული კლინიკა და ლაბორატორია,ვოლიერებისთვის რამდენიმე განყოფილება, გასასეირნებელი სივრცე, პოსტ-ოპერაციული ბლოკი, დაცვის ოთახი, ავტომობილების საპარკინგე ზონა, მძღოლების მოსაცდელი ოთახი, კრემატორიუმი.
სატენდერო წინადადებების მიღება 20 მაისს დაიწყება და 25 მაისს დასრულდება.
ფოტო:მუნიციპალური განვითარების ფონდი.