არბიტრაჟი და მედიაცია, როგორც ბიზნეს დავების ეფექტური
მოგვარების გზები, ქუთაისში განიხილეს. ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებმა დავების აღნიშნული გზებით მოგვარების უპირატესობები მოისმინეს.
“სავაჭრო სამრეწველო პალატას აქვს საარბიტრაჟო ცენტრი, რომელიც საქმიანობაში სრულიად დამოუკიდებელია. მის მთავარ ფუნქციას არბიტრაჟის მეშვეობით ბიზნეს დავების მოგვარება წარმოადგენს. მას აქვს ის უპირატესობები, რომ დავა შეიძლება მოგვარდეს მათ მიერ არჩეული არბიტრის მიერ. თავადვე შეუძლიათ განსაზღვრონ საარბიტრაჟო დავის ადგილი და სამართალი. საერთო ჯამში, ბიზნესისათვის საარბიტრაჟო დათქმის ჩადება მომგებიანია,”-განაცხადა საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის უფროსმა იურისტმა, დავით ედილაშვილმა.
ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ იმ პრობლემების შესახებ ისაუბრა, რომელთაც ბიზნესმენები იმერეთში აწყდებიან.
“ჩვენი დაკვირვებით, რეგიონებში ყველაზე პრობლემურ საკითხებად რჩება საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებული თემები, დაბეგვრისა დაც შემოწმების საკითხები. ასევე, არის გარკვეული ბიუროკრატიული ბარიერები, რომლებსაც აწყდებიან ადგილობრივ უწყებებთან მიმართებაში. ადგილობრივ ხელისუფლებასა და ადგილობრივ ბიზნეს შორის უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო,”- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
მსგავსი შეხვედრები ფოთში, ახალციხესა და თელავშია დაგეგმილი.
ფოტო: “ძველი ქალაქი”