ქუთაისს ბრიტანეთიდან საქართველოს მეგობართა წარმომადგენლობითი
დელეგაცია ეწვია. სტუმრებმა ქუთაისის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში გერმანული ინვესტიციით შექმნილი მზის პანელების წარმოების ახალი ქარხანა – “AE Solar” მოინახულეს.
“აღნიშნული ვიზიტი საქართველოს პოპულარიზაციას და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას ემსახურება. დარწმუნებული ვარ, ბევრი მათგანი ტურისტის სტატუსით დაბრუნდება საქართველოში,”-განაცხადა საქართველოს ელჩმა დიდ ბრიტანეთში თამარ ბერუჩაშვილმა.
“გვაჩვენეს საწარმო, რომელმაც სტუმრებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, საწარმო უნიკალურია, რადგან განახლებადი ენერგიის წყაროებშია მომავალი. შეხვედრაზე გაჟღერებული ინფორმაციის მიხედვით, საწარმო 300 ადამიანს დაასაქმებს. პანელებზე დატანილი იქნება წარწერა-“წარმოებულია საქართველოში,”-განაცხადა ლონდონში საქართველოს საელჩოს მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებზე, მერი ჩაკვეტაძემ.
დიპლომატიური ტურის ოფიციალური ნაწილის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. ასევე გაიმართება შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან. სტუმრები ვიზიტის ფარგლებში ეწვევიან საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობიან არსებულ ვითარებას.
ფოტო: “ძველი ქალაქი”