გრიგოლ ბიწაძე მცირე მეწარმე და შპს “ანდიტრი”-ს მფლობელია.
ის თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ეწერში ორგანულ ჩაის აწარმოებს. ოჯახურ ბიზნესში დედა და მეუღლე, ჯამში კი 20-მდე ადამიანია ჩართული.
მის პლანტაციებში ჩაი ბუნებრივ პირობებში იზრდება. ჩაის ბუჩქები განოყიერებას ძირითადად ხის ფოთლებისაგან იღებს. მის სუნს აკაციის ყვავილი, ხოლო გემოვნურ თვისებებს ნიადაგში ჩაყრილი ვაშლი და მსხალი განაპირობებს.
გრიგოლ ბიწაძის წარმოებულ ორგანულ ჩაიზე, როგორც თავად ამბობს, მოთხოვნა დიდია. ჩაი ადგილზეც იყიდება, დედაქალაქშიც და შარშან პროდუქციამ ჩინეთის ბაზარიც აითვისა.
“ჩაის შეკვეთითაც ვყიდით. შარშან ჩინეთშიც გავიტანეთ. მოთხოვნა დიდია, თუმცა, ამდენის წარმოების საშუალება არ გვაქვს,”-ამბობს მცირე მეწარმე.
ჩაის პლანტაცია, რომელსაც მეწარმე უვლის, საბჭოთა კავშირის დროს გაშენდა. 30 წელზე მეტია ადგილი არ დამუშავებულა. როგორც გრიგოლ ბიწაძე ამბობს, მისი მცირე ბიზნესის განსავითარებლად აუცილებელია პლანტაცია გასუფთავდეს, რასაც, მისი გამოთვლებით, 100-მდე ადამიანი დასჭირდება.
მეწარმე ჯერ ვერც ჩაის შეფუთვას ახორციელებს. კრედიტით ჯერ მხოლოდ პირველადი დანიშნულების დანადგარები შეიძინა. მათ შორის საგრეხი, საშრობი და საფერმენტაციო მოწყობილობა. მისი გასტუმრების შემდეგ კი დამაფასოებელი დანადგარის შეძენას გეგმავს.
მცირე მეწარმე რამდენიმე მოსასვენებელი ნომრის მოწყობასა დ ტურისტების მიღებასაც გეგმავს. ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, ჩაი საკუთარი ხელით დაკრიფონ, დააყენონ და დააგემოვნონ.
ფოტო: “ძველი ქალაქი”