30 აპრილი საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეა.
წელს ქართული არმია დაარსებიდან 28-ე წლისთავს აღნიშნავს. ჯარისკაცებს ქართული არმიის დღეს იმერეგის გუბერნატორი, გენერალი შავლეგო ტაბატაძემ მიულოცა. მისი განცხადებით, ქართველების მამაცობის შესახებ მსოფლიომ იცის და აფასებენ მათ თავდადებას. გუბერნატორი მადლობას უხდის თითოეულ ჯარისკაცს და იმ გმირებს, რომლებიც ქვეყნის მთლიანობისთვის დაიღუპნენ.
“ბოლო 25 წლის განმავლობაში წელს პირველად მიწევს მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი დღე სხვა პოზიციიდან. მინდა გისურვოთ ქვეყნის სამსახურში ღირსეული მოღვაწეობა,წარმატებები და წინსვლა.
მე კარგად ვიცი რას ნიშნავს იყო ჯარისკაცი და იცავდე ქვეყნის უსაფრთხოებას საკუთარი სიცოცხლის ფასად. ვიცი, როგორი გულანთებულია თითოეული თქვენგანი სამშობლოსთვის და მზად არის საკუთარი სიცოცხლე შესწიროს ჩვენთვის ყველაზე ძვირფასს–საქართველოს. მიხარია, რომ თქვენთან ერთად ვიღებდი მონაწილეობას ქართული არმიის აღმშენებლობის პროცესში და ყოველთვის ერთად ვიდექით ქვეყნის სადარაჯოზე. მე მჯერა თითოეული ჯარისკაცი და ზოგადად საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა თანამშრომელი მზად არის ღირსეულად ემსახუროს სამშობლოს. ქართველების მამაცობა და ბრძოლის ჟინი იცის მსოფლიომ და აფასებს თქვენს თავდადებას.
მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს, მათ წარუშლელი კვალი დატოვეს ჩვენს მეხსიერებაში. ასევე, მადლობას გიხდით თითოეულ ჯარისკაცს გაწეული საქმიანობისთვის.”- წერს შავლეგო ტაბატაძე ოფიციალურ facebook გვერდზე.
1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები – ეროვნული გვარდია შეიქმნა. ქართული არმიის შემდგომი განვითარება ეროვნული გვარდიის საფუძველზე მოხდა. 1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა. 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო, სწორედ ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი.