ქუთაისის მერიას ობიექტის მითვისების მცდელობაში ადანაშაულებენ.
საუბარია კაფე”სავანე”-ზე, რომელიც ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში მდებარეობს. კაფეს მეპარტონეები აცხადებენ, რომ მათ ობიექტი 23 წლის წინ 10 000 დოლარად შეიძინეს, რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც არსებობს. მათივე განმარტებით, მერიამ აზომვითი ნახაზები გააყალბა და მასზე ტერიტორია კონსტრუქციის გარეშეა დატანილი.
“2 წლის წინ მივმართეთ სასამართლოს. მოვითხოვეთ აზომვითი ნახაზის ბათილობა. სასამართლომ მესაკუთრეობა დაადგინა, თუმცა სასურველი შედეგი მაინც ვერ მივიღეთ. სასამართლო წამოვიდა ინიციატივით, რომ მხარეები მოვრიგებულიყავით და მერიამ განაცხადა, რომ თავიანთი ქონება მეპატრონეებს წელიწადში 16 000 ლარად უნდა ექირავებინათ. მერიის წარმომადგენელმა, ირაკლი გიორგაძემ, სასამართლო პროცესზე თქვა, რომ თუ მორიგება არ შედგებოდა, მეპატრონეებს ქონებას ჩამოართმევდნენ. ამ ხალხს აქვს დაუსჯელობის სინდრომი, რომ მათთვის ყველაფერი შესაძლებელია,”-განაცხადა ადვოკატმა ნინო მეფარიშვილმა.
ობიექტის მეპატრონეები ამბობენ, რომ ტერიტორიის მისაკუთრების მცდელობა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებების დროს დაიწყო. მათი თქმით, მერიის მაღალჩინოსნებს ობიექტთან დაკავშირებით გარკვეული გეგმები აქვთ.
საქმის განხილვას ახლა ქუთაისის სააპელაციო სასამართლო აგრძელებს. კაფეს მეპატრონეები აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში პროკურატურასაც მიმართავენ. ისინი ქუთაისის მერიის წარმომადგენლებისაგან ყალბი დოკუმენტების გასწორებას ითხოვენ.
ამავე თემაზე: “23 წლის წინ მხოლოდ ბამბუკის კონსტრუქცია გაიყიდა, რომლის აღება და გატანა თავისუფლად შეიძლებოდა”