კაფე “სავანეს” მეპატრონეების ბრალდებებს, რომ მერია მათი ობიექტის მითვისებას ცდილობს,
ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსმა, ირაკლი გიორგაძემ უპასუხა.
“2000 წელს კაფეს მესაკუთრე იყო შპს “ნიკოლო”, ტურაბელიძეების მამა, რომელმაც სკვერის, კაფეს ქვეშ არსებული ნაწილის საკუთრებაში გადაცემა მოითხოვა. 2000-2001 წლებში სასამართლო პროცესები ჩატარდა. სასამართლომ ჩათვალა, რომ სკვერი არის გაუსხვისებელი ქონება, მუნიციპალური საკუთრება. გაუსხვისებელ ქონებასთან ერთად, ცენტრალური ბულვარი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. მისი საკუთრებაში გადაცემა არ შეიძლებოდა. წლების განმავლობაში ტურაბელიძეები ქონებით სარგებლობდნენ ისე, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში თეთრს არ იხდიდნენ,”-განაცხადა გიორგაძემ.
როგორც იურიდიული განყოფილების უფროსი ამბობს, 23 წლის წინ ტურაბელიძეებმა მხოლოდ ბამბუკის კონსტრუქცია შეიძინეს, რომელიც მიწასთან უძრავად დაკავშირებული არ იყო.
“ტურაბელიძეებმა იგივე დავა აღძრეს და სკვერის ნაწილის საკუთრებაში გადაცემა მოითხოვეს. სასამართლომ მორიგება შემოგვთავაზა. შევთავაზეთ მორიგების პირობა, რომ ეს ყველაფერი სამართლებრივ ჩარჩოში მოქცეულიყო. შევაფასებინეთ ექსპერტს სკვერის ნაწილი. შევთავაზეთ მისი იჯარით აღება, თუმცა მათ უარი განაცხადეს და პროვოკაციები დაიწყეს. უნდათ, რომ კვლავ უსასყიდლოდ ფლობდნენ საკუთრებას. შეძენილი აქვთ ბამბუკის მსუბუქი კონსტრუქცია, რომელიც მიწასთან უძრავად დაკავშირებული არ იყო. 23 წლის წინ მხოლოდ ბამბუკის კონსტრუქცია გაიყიდა, რომლის აღება და გატანა თავისუფლად შეიძლებოდა. არ გაყიდულა მიწის, სკვერის ნაწილი,”-განაცხადა ირაკლი გიორგაძემ.
გიორგაძე ამბობს, რომ თუ აზომვით ნახაზებში ხარვეზები დაფიქსირდა, მერია მის გამოსწორებას შეძლებს.
ამავე თემაზე: ქუთაისის მერიას ობიექტის მითვისების მცდელობაში ადანაშაულებენ