ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმის განხილვა გრძელდება.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდებული მერაბ კვირიკაშვილი დაიკითხა. კვირიკაშვილმა ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ისაუბრა და პროკურორის კითხვებს უპასუხა. შემთხვევა წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში მოხდა.
“თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მივდიოდით. ბავშვები სურამში დავტოვეთ. მივდიოდი ჩემს სავალ ზოლში. ვმოძრაობდი 93-94 კმ/სთ სიჩქარით. ჩემ წინ, დაახლოებით 10 მეტრში სატვირთო მანქანა მოძრაობდა. ჩვენ შორის ღია ფერის ავტომობილი შევნიშნე, ვეცადე არიდება და შემდეგ კვლავ ჩემს სამოძრაო ზოლში დაბრუნდება. მანქანას ავერიდე, თუმცა ზოლში ვერ დავბრუნდი. გამიჭირდა საჭის დამორჩილება და მოხდა შეჯახება. ვერ ვაკონტროლებდი, რა ხდებოდა. ალბათ, სწრაფმა, ინსტიქტურმა ქმედებამ გამოიწვია რაც მოხდა,”-განაცხადა კვირიკაშვილმა.
2016 წლის ზაფხულში, ქუთაისის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მას გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე, მათი მეგობარი და თავად კვირიკაშვილის მეუღლე ემსხვერპლნენ.
ფოტო: “ძველი ქალაქი”