ქუთაისში შშმ პირთა დასაქმებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის ორი პროგრამა განხორციელდება.
პროექტების დაფინანსებას ქუთაისის მერია და არასამთავრობო ორგანიზაციები თანადაფინანსების პრინციპით უზრუნველყოფენ. გამარჯვებული პროექტები დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ წარადგინა.
“წელს ორი ახალი პროექტი შეირჩა. გამარჯვებულები სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა. ერთი მათგანი მეფუტკრეობის მიმართულებას მოიცავს, ხოლო მეორე ვებ დიზაინისა და მარკეტინგის მიმართულებას,”-განაცხადა ნინო თვალთვაძემ.
პროექტების განხორციელებას “აღორძინება 2002” და “განათლების განვითარებისა და დასაქმების” ცენტრი უზრუნველყოფს. პროგრამებს ქუთაისის მერია 18 000 ლარით დააფინანსებს, ხოლო დანარჩენ ხარჯებს თავად ორგანიზაციები გაიღებენ. 10 000 ლარი “განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრისათვის”, ხოლო 8 000 ლარი “აღორძინება 2002”-სთვისაა გამოყოფილი.
“მეფუტკრეობა საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო საქმეა. დღეს შეიძლება 100 ოჯახი ფუტკარი გყავდეს, ხოლო მომავალ წელს არც ერთი. პროექტის ფარგლებში, ამ საქმის შესწავლაში 12 ბენეფიციარს დავეხმარებით,”-განაცხადა “აღორძინება 2002”-ის თავმჯდომარემ, თემურ ჭეიშვილმა.
მსგავსი პროექტები გასულ წელსაც განხორციელდა. გადამზადდა 30 შშმ პირი.