საქართველომ მსოფლიო ბანკის რეგიონული განვითარების მეორე პროექტისთვის დაფინანსება მიიღო.
ამ თანხის ნაწილი სწორედ საწურბლიას მღვიმესთან მისასვლელი გზის და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას მოხმარდება.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა სამუშაოების შესასრულებლად 713 ათას 193 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო წინადადებების მიღება 28 მარტს დაიწყება და 1 აპრილს დასრულდება.
საწურბლიას მღვიმე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ყუმისთავის მიდამოებში, მდინარე სემის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს.
საწურბლიას მღვიმე პირველი საერთაშორისო სტანდარტების სპელეო-გამაჯანსაღებელი მღვიმე იქნება კავკასიის რეგიონში, სადაც სასუნთქი გზების პრობლემების მქონე პირები გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებას შეძლებენ. მღვიმის ბუნებრივი სამკურნალო თვისებები ჩეხი და ქართველი სპეციალისტების მიერაა შესწავლილი. ადგილზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი; ამბულატორია. მღვიმეში დამონტაჟდა განათების სისტემა.
საწურბლიას მღვიმე ორ – აქტიურ და პასიურ ზონად გაიყო. აქტიურ ზონაში მოეწყო სათამაშო მოედანი ბავშვებისთვის, ხოლო პასიურ ზონაში განთავსდა შეზლონგები.
ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს ბიუჯეტიდან 647 000 ლარით იყო დაფინანსებული.
ფოტო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.