ქაღალდის პირადობის მოწმობის ახალი პირადობით ჩანაცვლებას ერთი თვის განმავლობაში მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ.
იუსტიციის სამინისტროში აქცია 1-ლ მარტამდე გაგრძელდება.
“საქართველოს იმ სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად ფლობენ ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობას და ამ დრომდე მათს სახელზე არასდროს გაცემულა საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა, ერთი თვის განმავლობაში, 1 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით, შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ აქციით, შეცვალონ ძველი დოკუმენტი ახლით და სრულიად უფასოდ მიიღონ პირადობის ელექტრონული მოწმობა,”-აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.
აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ასევე ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან.
2012 წლის ბოლოს საქართველოში 3 087 163 მოქალაქე ფლობდა ქაღალდის პირადობის მოწმობას. დღეისათვის კი საქართველოში სულ მოქმედი 749 537 ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობაა.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე