შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყალტუბო-ქუთაისის გზაზე
ჭკვიანი და სათვალთვალო კამერები განათავსა. როგორც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, გზაზე შესაბამისი საინფორმაციო აბრებიც განთავსდება. მათი მონტაჟი მიმდინარე კვირაში იგეგმება.
წყალტუბო-ქუთაისის გზაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სულ 4 ჭკვიანი და 2 სათვალთვალო კამერა დაამონტაჟა. ჭკვიანი ვიდეო კამერების სისტემა შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების პროექტის და რეფორმის ფარგლებში დანერგა. კამერა ავტომატურ რეჟიმში ახდენს კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფიქსაციას.
წყალტუბო-ქუთაისის გზაზე ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. საჭირო ზომების მიღების მიზნით საინიციატოვო ჯგუფმა საგზაო დეპარტამენტს 16 იანვარს მიმართა. წყალტუბო-ქუთაისის გზაზე ბოლო შემთხვევა 14 იანვარს მოხდა, რა დროსაც სამი ახალგაზრდა დაიღუპა.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე