LAG კონსორციუმი და “მომავლის განვითარების სახლი” საარჩევნო უფლებების სრულფასოვანი რეალიზაციისათვის დევნილებს გადაამზადებს.
როგორც LAG კონსორციუმის წევრი და პროექტის კონსულტანტი მათე ჩაფიჩაძე აცხადებს, ტრენინგები და საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები იმერეთში დევნილთა 23 ჯგუფს ჩაუტარდება. რაც შეეხება ქუთაისს, ქალაქში 5, ხოლო ქალაქგარეთ 1 ფოკუს ჯგუფია შერჩეული. პროექტის პირდაპირი 1690, ხოლო არაპირდაპირი 13 000 ბენეფიციარია.
ტრენინგების შემდეგ, გამოვლინდებიან აქტიური მონაწილეები, რომლებიც დამატებით გადამზადებას გაივლიან და მათ საშუალება ექნებათ, არჩევნების პროცესში დამკვირვებლის სტატუსით ჩაერთონ.
“მომავლის განვითარების სახლი”-ს თავმჯდომარის ეკატერინე კიკატუნიძის განმარტებით, არ არსებობს კვლევები თუ დევნილთა რაოდენობის რა პროცენტულმა მაჩვენებელმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. როგორც კიკატუნიძე ამბობს, საბაზისო კვლევისათვის შემუშავებული რამდენიმე ვარიანტის მიხედვით, სავარაუდოდ, დევნილები არჩევნებში მონაწილეობას მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობად არ მიიჩნევენ. ასევე, თემში უმუშევრობისა და საცხოვრებლის პრობლემა აქტიურია, რაც მათ უფრო მეტად ყოველდღიურ პრობლემებზე ორიენტაციას აიძულებს.
“ჩვენი პროექტი მიზნად ემსახურება დევნილთა თემის გააქტიურებას. სატრენინგო კომპონენტი არჩევნების თემის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, ნაბეჭდი მასალის დარიგებას მოიცავს. ახალი მეთოდოლოგიით მუშაობის შემდეგ, ისინი 2020-2021 წლების არჩევნებისათვის მზად იქნებიან,”-განაცხადა ეკატერინე კიკატუნიძემ.
საქართველოში 280 000-დან არჩევნებში მონაწილეობის უფლება 200 000-მდე დევნილს აქვს.
პროექტი “დემოკრატიის ხელშეწყობა საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა არჩევნებში მონაწილეობის გზით” რეგიონალური ხასიათისაა და იმერეთის გარდა, სამეგრელოში, შიდა ქართლსა და სამცხე ჯავახეთში განხორციელდება. ის გაეროს დემოკრატიის ფონდის მიერაა მხარდაჭერილი.
ფოტო:რადიო “ძველი ქალაქი”