საქართველოს მასშტაბით სახანძრო უსაფრთხოების კუთხით შენობა-ნაგებობების შემოწმება დაიწყება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სათანადო ღონისძიებების გატარებას 14 თებერვლიდან დაიწყებს.
სამსახურის ინფორმაციით, სახანძრო უსაფრთხოების შემოწმებას დაექვემდებარება თითქმის ყველა შენობა-ნაგებობა. სპეციალისტები შემოწმებას 3 ეტაპად განახორციელებენ. პირველ ეტაპზე, შენობა-ნაგებობის დათვალიერებისას გაიცემა რეკომენდაციები და ყველა მფლობელს მიეცემა გონივრული ვადა მათ შესასრულებლად. განმეორებითი შემოწმებისას სამსახური მოახდენს რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს. ხოლო მესამე, საკონტროლო შემოწმებისას, რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოხდება კანონით გათვალისწინებული სანქციების ამოქმედება.
სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის დარღვევა ან შეუსრულებლობა 500-დან 10 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. სამსახური უფლებამოსილია, კრიტიკულად შეუსაბამო პირობების შემთხვევაში, სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის შეჩერება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შემოწმებისას განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს სასტუმროებს (მათ შორის საოჯახო სასტუმროებს), სავაჭრო და გასართობ ცენტრებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ყველა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილს.
“სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიურად იზრდება ხანძრით გამოწვეული ზიანისა და ზარალის რაოდენობა, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ყველა შენობაში დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები, რამაც უნდა უზრუნველყოს ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა,”-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
2018 წელს საქართველოში ხანძრების შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა, 247-მა მიიღო ტრავმა. ქვეყნის მასშტაბით განადგურდა 453 და დაზიანდა 950 შენობა-ნაგებობა.