ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2018 წელს
617 342 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 52%-ით მეტია. ინფორმაცია აეროპორტის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.
“2018 წლის დეკემბერში ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 127%-ით გაიზარდა,”-აცხადებენ აეროპორტში.
რაც შეეხება რეისების რაოდენობას, მათივე ინფორმაციით, ზრდა ამ მიმართულებითაც ფიქსირდება: 2018 წლის დეკემბერში 191 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 93 %-ით მეტია.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრების გადაყვანას უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “ვიზეარი” ახორციელებს.