“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში წყალტუბოს

 

მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას 2019 წლიდან ამოქმედებული “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

მუხიანში, ქვედა და ზედა მესხეთში, ქვიტირში, ქვილიშორსა და სოფელ წყალტუბოში დასაფინანსებელი პროექტები უკვე გამოვლენილია.

სოფელ მუხიანის ცენტრში მოსახლეობა სკვერის მოწყობას ითხოვს, ქვედა მესხეთში კი სპორტული მოედნის გაკეთება სურთ, ზედა მესხეთში ადგილობრივებმა გარე განათების მოწყობას დაუჭირეს მხარი, სოფელ ქვიტირში ყოფილი დაწყებითი სკოლის შენობის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება მიიღეს, სოფ. წყალტუბოში ადგილობრივები საექიმო ამბულატორიის შენობის რეაბილიტაციას ითხოვენ, ხოლო სოფელ ქვილიშორის მოსახლეობამ გზაზე ბეტონის საფარის დაგების პროექტი აირჩია.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მოქმედება 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ახლებური სახით აღდგა. პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა მოსახლეობის მიერ ხდება და შერჩევის პროცესი 2019 წლის 1-ლ მარტამდე უნდა დასრულდეს. იმ შემთხვევაში, თუ სოფელი ვერ მოახერხებს შეთანხმებას დასაფინანსებელ პროექტებზე, პროგრამით გათვალისწინებული თანხა ბრუნდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მუნიციპალიტეტებში 5 ათასიდან 10 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ქვეკომპონენტი იქნება და მისი ოდენობა 20 მილიონი ლარით განისაზღვრება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *