ქუთაისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის პროცესი 1-ლი თებერვლიდან დაიწყება და თვის ბოლოს დასრულდება.
აღნიშნულის შესახებ ქუთაისის ა(ა)იპ “ბაგა-ბაღების” გაერთიანების” ხელმძღვანელმა დავით წიტაიშვილმა განაცხადა.
“პირველად რეგისტრაცია სექტემბერში განხორცილდა, მას შემდეგ, შესაძლოა, მშობელს გაუჩნდა სურვილი ბავშვი ბაღში შეიყვანოს. ან შესაძლოა სექტემბრის შემდეგ შეუსრულდა ბავშვს საჭირო ასაკი. რეგისტრაცია გამოცხადდა იმისათვის, რომ ბავშვები უყურადღებოდ არ დარჩნენ,”-განაცხადა დავით წიტაიშვილმა.
რეგისტრაციისათვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტები: ბავშვის დაბადების მოწმობის დედანი; ცნობა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; ბავშვის ორი ფოტოსურათი(3/4); სოციალურად დაუცველის ან დევნილის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ განეკუთვნება აღნიშნულ კატეგორიას); მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში- ფორმა #100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია საბავშვო ბაგა-ბაღში მიღების თაობაზე.
ქუთაისში სულ 37 საბავშვო ბაღია.