ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გრიპის მართვის მიმართულებით გატარებული ღონისძიებები შეაჯამა.
მისი განმარტებით, ავადობის მაჩვენებელი კლების ტენდენციით ხასიათდება. 400 ერთეულით არის შემცირებული სასწრაფოს გამოძახებებიც.
“ბოლო ორ კვირაში გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი შემცირებულია, თუმცა ეს არ გვაძლევს საბაბს, ძალისხმევა შევასუსტოთ,”-განაცხადა დავით სერგეენკომ.
რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს, 5 იანვრიდან დღემდე სამედიცინო მომსახურება 4000-მდე პაციენტს გაეწია.
ბოლო 3 დღის განმავლობაში ანტივირუსული მედიკამენტი “ტამიფლუ” უფასოდ 1600-მდე პაციენტმა მიიღო. ბენეფიციარები პრეპარატს სააფთიაქო ქსელებში რეცეპტის, ხოლო საოჯახო მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში – ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა #100-ის წარდგენის შემთხვევაში მიიღებენ. მედიკამენტების სააფთიაქო ქსელებში განაწილების შესახებ ინფორმაცია კი, სამინისტროს ცხელ ხაზზეა (1505) ხელმისაწვდომი.