ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მიცვალებულები აერიათ.
მომხდართან დაკავშირებით თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრი განცხადებას ავრცელებს.
“ფაქტს იმის შესახებ, რომ კლინიკას მიცვალებულები ერთმანეთში აერია არ ვადასტურებთ. კლინიკა არ არის გარდაცვლილი პაციენტების ტრანსპორტირების განმხორციელებელი იურიდიული პირი. გარდაცვლილი პაციენტების ტრანსპორტირების ორგანიზებას საკუთარი ხარჯებითა და ძალებით, მათ შორის გადაადგილების განმხორციელებელი სატრანსპორტო საშუალების დაქირავებას და ამავე სატრანსპორტო საშუალებაზე გარდაცვლილის პანაშვიდებისათვის განკუთვნილი ადგილის, კონკრეტული მისამართის მიცემა – მითითებას, ახორციელებენ გარდაცვლილი პაციენტის პირველი, მეორე რიგის ან/და სხვა რანგის ნათესავები. სამედიცინო დაწესებულება, ასეთი ფაქტის დადგომის შემთხვევაში, უზრუნველყოფს გარდაცვლილის იდენტიფიცირებისათვის დადგენილი სავალდებულო ნორმატივების უზრუნველყოფას, ხოლო ნათესავთა წრე, სამედიცინო დაწესებულების შესაბამის გვამის განთავსების ოთახში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახდენს გარდაცვლილის იდენტიფიცირებას. კლინიკის თანამშრომლისა და სანათესაო წრის მხრიდან გარდაცვლილის ერთობლივი იდენტიფიცირების პროცედურების დასრულების შემდგომ, კლინიკისა და გარდაცვლილის ოჯახის წარმომადგენლის მონაწილეობით, გვამის განთავსების ოთახში, მორიგ პროცედურად ხორციელდება, გარდაცვლილი პაციენტის შესაბამის განსასვენებელ საშუალებაში მოთავსება, სათანადო დოკუმენტაციაზე ხელმოწერა და მიცვალებულის პატრონზე გადაბარება. ამის შემდგომ, კლინიკის შესაბამისი თანამშრომლის ზედამხედველობით, ნათესავების მიერ ხორციელდება მიცვალებულის გვამის ოთახიდან, საკუთარი ორგანიზებით დაქირავებულ ტრანსპორტში მიცვალებულის ჩასვენება. ნათესავებს ბარდებათ მათთან ერთად იდენტიფიცირებული გარდაცვლილი. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, ნათესავებს ჩაბარდათ მათ მიერვე იდენტიფიცირებული გარდაცვლილი. აქ მთავრდება სამედიცინო დაწესებულების უფლება – მოვალეობები. გარდაცვლილის სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიიდან შემდგომი ტრანსპორტირების განხორციელება, პანაშვიდებისათვის განკუთვნილი მისამართის სატრანსპორტო საშუალების მძღოლზე მითითება და სხვა ორგანიზაციული საკითხები, ნათესავთა წრის კომპეტენციაა. სამედიცინო დაწესებულების მიერ მოპოვებული და არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილების პანაშვიდები ხორციელდებოდა 5 – 7 დღის განმავლობაში. მათ შორის ერთი გარდაცვლილი იქნა დაკრძალული, ხოლო მეორე გარდაცვლილის იდენტიფიცირება მოხდა მიცვალებულის დაკრძალვის დღეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, არსებობს სხვა დაზუსტებული გარემოებები, რომელიც არის პერსონალური ხასიათის და შეიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას, რის გამჟღავნებასაც კლინიკა გარდაცვლილი ოჯახის წევრების ინტერესებიდან გამომდინარე არ გეგმავს,”-აცხადებენ კლინიკაში.
გარდაცვლილთა ოჯახებმა ცხედრები რამდენიმე დღის შემდეგ გაცვალეს მაშინ, როდესაც ერთ -ერთი უკვე დაკრძალული იყო.
ფოტო: თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრი