ქუთაისში, მიუსაფარ ბავშვთა დღისა და კრიზისული ინტერვენციის ცენტრში საახალწლო ღონისძიება მოეწყო.
ცენტის ბენეფიციარებმა სხვადასხვა საცეკვაო და მუსიკალური ნომრები შეასრულეს. როგორც ცენტრის ხელმძღვანელი ნანა იდაძე ამბობს, ბავშვები მსგავს ღონისძიებაში მონდომებით ერთვებიან, წინასაახალწლო განწყობაზეც ზრუნავენ და სანტას წერილებსაც უტოვებენ.
“ეს ბავშვები ძირითადად ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები არიან. ვცდილობთ, რომ ჩვენი მხრიდან მათ დღესასწაული გავუხალისოთ და გავულამაზოთ, თუმცა, თავადაც ძალიან მონდომებულები არიან და ცდილობენ, ჩაერთონ მსგავს ღონისძიებებში. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბავშვებისათვის საზოგადოების მხარდაჭერა, რადგან ისინი გარკვეულ წილად უგულებელყოფისა და ძალადობის მსხვერპლნი არიან. თითოეული ადამიანის გვერდით დგომა ამ ბავშვებისათვის არის აუცილებელი და გადამწყვეტი. ზოგადად, ბავშვი რაც უფრო მეტად უგულებელყოფილია, მათგან უფრო მეტი სითბო და სიყვარული მოდის. სჯერათ ახალი წლისა და სანტას. ჩვენი ყუთი სავსეა სხვადასხა თხოვნებით, წერენ სანტას და ვცდილობთ, სურვილები ნაწილობრივ მაინც შევუსრულოთ,”-ამბობს მიუსაფარ ბავშვთა დღისა და კრიზისული ინტერვენციის ცენტრის კოორდინატორი ნანა იდაძე.
მარი არაბული 8 წლის: “თოვლის ბაბუის არ მჯეროდა, კარგი განწყობა გაქვს და ახლა მინდა “ჰოვერდბორდი”. ახალი წლის მოსვლა მიხარია”
ქეთი არაბული 9 წლის: “მინდა რომ მე და ჩემს დას ერთნაირი ქუდი, კაშნე და ხელთათმანი გვქონდეს. ახალი წლის მოსვლა მეც ძალიან მიხარია”
ბარბარე სარქისოვა 7 წლის: “მინდა რომ თოვლის ბაბუამ კარავი მომიტანოს. სახლში მინდა დედასთან ერთად ვითამაშო. კარგი განწყობა მაქვს”.