ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ქუთაისის მერიისა და ბუხაიძის #17 და #19 ბინების მცხოვრებთა სასამართლო დავა გრძელდება.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლები ქუთაისის საკრებულოსა და მერიის განკარგულებების ბათილად ცნობას ითხოვენ. როგორც მოსარჩელე მხარე განმარტავს, სკვერი შპს “ფლამინგოს” არაკანონიერად გადაეცა. ადგილობრივები შიშობენ, რომ ფართის მფლობელმა, შესაძლოა, მშენებლობა განაახლოს.

დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა შეკითხვების დასმის ეტაპი გაიარეს და საპაექრო სიტყვა წარმოთქვეს. მოსამართლემ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებითი კომენტარიც მოისმინა.

შპს “ფლამინგოს” ადვოკატის ზვიად ნიშნიანიძის განცხადებით, მოსარჩელე მხარემ ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, გადაეცა თუ არა შპს-ს სკვერის ნაწილი არაკანონიერად.

“სარჩელი არის უსაფუძვლო, არაარგუმენტირებული. კეთდება პოპულისტური განცხადებები, რომ ხეები იჭრება, თუმცა, სკვერში არც ერთი ხე არ არის. ის ხალხი, რომელიც ახლა ჩივის, თავად ითხოვდა სკვერში მშენებლობის ნებართვას. მათ მერიამ უარი უთხრა. ეს დავა არ ეხება გამწვანებას, ეს არის არა მოსახლეობასთან, არამედ ორ მეწარმეს შორის დაპირისპირება,”-განაცხადა ზვიად ნიშნიანიძემ.

სხდომაზე ქუთაისის საკრებულოს იურისტმა დავით ბენიძემ განაცხადა, რომ საკრებულოს მიერ მიღებული ბრძანება, სკვერის ქუთაისის მერიისათვის გადაცემის შესახებ კანონიერია და დოკუმენტი განსახილველად კომისიებში, იურიდიულ განყოფილებასა და ბიუროს სხდომაზეც იყო წარდგენილი და ამის შემდეგ გავიდა საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად. 

როგორც მოპასუხე მხარემ სხდომაზე განაცხადა, სადავო სკვერი უფუნქციოდ იყო დარჩენილი, რადგან სკვერში არც ხეები და არც მწვანე ნარგავები არსებობდა, თუმცა, უპასუხოდ დარჩა შეკითხვა, თუ ვინ და როგორ დაადგინა რომ სკვერს უფუნქციოდ დარჩენილის სტატუსი უნდა მინიჭებოდა.

როგორც შპს “ფლამინგოს” ადვოკატი აცხადებს, სკვერში მშენებლობის პარალელურად მისი გამწვანებაც უნდა მომხდარიყო, რაც, მისივე განმარტებით, ქალაქისათვის მომგებიანი იქნებოდა. როგორც მოპასუხე მხარე აცხადებს, აღნიშნულით არც საჯარო და არც კერძო ინტერესები არ ირღვეოდა. 

სხდომაზე არ გამოცხადდა ქუთაისის მერიის იურისტი ირაკლი გიორგაძე. ის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სხდომაზე იმყოფებოდა და მას აღნიშნული სხდომის გადადება არ მოუთხოვია.

სასამართლო პროცესს გამარჯვების ოლქის ყოფილი მაჟორიტატი დეპუტატი ნატო ქათამაძეც ესწრებოდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *