საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის მე-12 ანგარიში წარადგინა.
კვლევა საქართველოს 5 ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, თელავსა და გორში ჩატარდა. ორგანიზაციის წარმომადგენლები, შემთხვევითობის პრინციპით, ესწრებოდნენ აღკვეთის ღონისძიების, ბრალდებულის პირველი წარდგენის, წინასასამართლო, საპროცესო შეთანხმებისა და სხვა ტიპის სხდომებს. ასევე, აკვირდებოდნენ გახმაურებულ საქმეებსაც.
საიას მიერ მომზადებული ანგარიშიდან გამოიკვეთა, რომ აღკვეთის ღონისძიებების სხდომებზე ყოველთვის გამოიყენებოდა მკაცრი აღკვეთის ღონისძიებების სახეები, რომელთა შორისაა გირაო და პატიმრობა.
“ნაწილობრივ ეს არის საკანონმდებლო ხარვეზიც, ვინაიდან სხვა ალტერნატივა მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისა ნაკლებად აქვს, თუმცა, სადაც აქვს, იქაც არ იყენებს და ისევ გირაოს ან პატიმრობას იყენებს,”-განაცხადა საიას სისხლის სამართლის ანალიტიკოსმა მერაბ ქართველიშვილმა.
პრობლემატურ საკითხთა შორის დასახელდა სათანადო სასამართლო კონტროლიც. მაგალითად, წამებისა და ადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებ ინფორმაციის მიღებისას, საკანონმდებლო ბაზა მოსამართლეს არ ჰქონდა, რათა მიემართა საგამოძიებო უწყებისათვის და მოეთხოვა გამოძიების დაწყება. როგორც საია-ში აცხადებენ, მათი რეკომენდაციები გათვალისწინებულია და პირველი იანვრიდან მოსამართლეს აღნიშნული უფლება მიენიჭება.
ქუთაისში გამოკვეთილ პრობლემურ საკითხად აღკვეთის ღონისძიების სხდომების ჩატარდება დასახელდა. როგორც მერაბ ქართველიშვილი განმარტავს, აღკვეთის ღონისძიების სხდომები 15 წუთამდე დროში ტარდება.
“ძალიან მცირე დროში, 15 წუთამდე ვადაში ტარდება ამ ტიპის სხდომები. თუ დაკავებულია პირი, სასამართლომ ამ დროს უნდა გაარკვიოს დაკავების კანონიერება, უნდა იმსჯელოს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობაზე, განმარტოს უფლებები. ამ ყველაფერის განხორციელება 15 წუთამდე დროში ფაქტობრივად შეუძლებელია,”-განაცხადა ქართველიშვილმა.
საია აღნიშნულ სასამართლო პროცესების მონიტორინგს 2017 წლის თებერვლიდან 2018 წლის თებერვლამდე ახორციელებდა. ორგანიზაცია რეკომენდაციებით პარლამენტს, სასამართლო ხელისუფლებას, პროკურატურასა და ადვოკატთა ასოციაციას მიმართავს.