აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოფო
სოფრომაძის სახელობის სტიპენდია დაარსდა. სოფო სოფრომაძე უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებული იყო, რომელიც 2018 წლის აპრილში ანევრიზმით დაიღუპა. სოფოს მეგობრებმა მისივე სახელობის ფონდი რამდენიმე კვირის წინ დაარსეს. დღეს კი მისივე სახელობის სტიპენდიის დაარსების შესახებ ინფორმაცია გააჟღერეს.
უნივერსიტეტის პრორექტორის, შალვა კირთაძის თქმით, სოფოს მეგობრების ეს გადაწყეტილება საამაყოა და ამავდროულად ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სასწავლებელში სტუდენტის სახელობის სტიპენდია დაარსდა.
“ამ ფონდის და სტიპენდიის დაარსება არის ძალიან დიდი მეგობრობა, წახალისება ახალგაზრდა თაობების. ამ უნივერისტეტში არის სახელობითი სტიპენდიები, მაგრამ ასეთი რამ პირველადაა უნივერსიტეტი არსებობის ისტორიაში. ეს ლამაზი ნაბიჯია და ნამდვილად ვამაყობ იმ გადაწყვეტილებით, რაც სოფოს მეგობრებმა მიიღეს. სამწუხაროა, რომ ასეთი დიდი პოტენციალის მქონე ადამიანი ძალიან ადრე წავიდა ამ ქვეყნიდან.”- განაცხადა შალვა კირთაძემ.
სტიპენდიას სამართლის ფაკულტეტის მესამე კურსის წარჩინებული სტუდენტი მიიღებს. მთავარი კრიტერიუმი, რითაც სტუდენტი შეირჩევა, მაღალი აკადემიური მოსწრებაა, თუმცა ის არ უნდა იყოს პრეზიდენტისა და ვი-თი-ბი-ს სტიპენდიანტი, მაგრამ უნდა იყოს შიდა საუნივერსიტეტო სტიპენდიის კანდიდატი.
“თანხის გადარიცხვა განხორციელდება ფონდის ანგარიშიდან. ზემოთხსენებული იდეის განხორციელებით არ შემოიფარგლება ფონდის საქმიანონა. ფონდის საქმიანობის მიზანს ასევე წარმოადგენს მიზნობრივი პროგრამებისა და პროექტების განხორციელება, შესაბამისი სახსრების მობილიზება საქველმოქმედო, სოციალური, კულტურული და საგანმანათლებლო საქმიამონისთვის. ფონდში თანხის ცარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია ანგარიშზე – GE06BG0000000103326557 “- ამბობს ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სოფოს მეგობარი, ქეთევან ვერულაშვილი.
სოფო სოფრომაძე 2009 წელს ჩაირიცხა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსებით. სოფო სოფრომაძემ ბაკალავრიატი და მაგისტრატურა ამავე უნივერსიტეტში დაასრულა. იყო ასევე პრეზიდენტის სტიპენდიანტი.