საქართველოს მოქალაქე, კლიმატური საერთაშორისო
მოძრაობა 350.ორგ-ის წარმომადგენელი, ნუგზარ კოხრეიძე პოლონეთში მესაზღვრეებმა არ შეუშვეს. ის ამ დროისათვის აეროპორტის სასტუმროში რჩება. როგორც კოხრეიძე რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას აცხადებს, კონკრეტული მიზეზი, რის გამოც მას ქვეყანაში შესვლის უფლება არ აქვს, მესაზღვრეებს არ განუმარტავთ. მხოლოდ განუცხადეს, რომ სისტემაში დაშვებული არ იყო და ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.
“აეროპორტის სასტუმროში ვარ გაჩერებული. სამშაბათამდე ვერ ვბრუნდები. მითხრეს რომ ორი გზა მაქვს. პირველი – ან ვიყიდი ბილეთს და დავბრუნდები საქართველოში, ან მეორე – გადამიყვანენ სასამართლოში და გამომიშვებენ დეპორტით. მე გადავწყვიტე სამშაბათს ჩემი ნებით დავბრუნდე. როცა ვიკითხე რატომ არ მიშვებდნენ, თვითონაც არ იციან რა უნდა თქვან. თქვეს, რომ ცდილობენ გაერკვიონ რა მოხდა. ასევე მითხრეს, რომ ეს შეფერხება ერთჯერადი ხასიათისაა და მეტი შემთხვევა არ იქნება, თუმცა ეს მხოლოდ სიტყვიერად. მსოფლიო მედია დგას ფეხზე, მათ შორის ადგილობრივი მედიაც”. – განაცხადა ნუგზარ კოხრეიძემ
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი გაეროს კლიმატის ცვლილებების მოლაპარაკებების კონფერენციაზე დასასწრებად მიდიოდა. მისივე ინფორმაციით, საზღვარზე პრობლემა კონფერენციაზე დამსწრე სხვა პირებსაც შექმნათ, ერთ-ერთი მათაგანი უკრაინის მოქალაქეა.