ქუთაისში, თეთრ ხიდზე, თეთრი ქვები შეიტანეს.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ეს კომპანიამ თვითნებურად განახორციელა. ასევე, მერიის ინფორმაციით,
,,თეთრი ხიდის” სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას ,,ალმა რუს საქართველო” ხელშეკრულება დღეს შეუწყვიტა. მიზეზად კი სამუშაოების გაჭიანურება სახელდება.
“ქუთაისის მერიამ ,,თეთრი ხიდის” სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას ,,ალმა რუს საქართველო” ხელშეკრულება დღეს შეუწყვიტა.
ამის მიზეზი გაჭიანურებული სამუშაოები და არაჯეროვნად შესრულებული დავალება გახდა. შესაბამისად მათ არ ჰქონდათ უფლება თვითნებურად ხიდზე თეთრი ქვები შეეტანათ.ამის შესახებ არც ადგილობრივი თვითმმართველობა იყო ინფორმირებული, კომპანიის მხრიდან აღნიშნული ქმედება თვითნებურად განხორციელდა. ფაქტთან დაკავშირებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია მიიღებს კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ზომებს.”- აცხადებენ ქუთაისის მერიაში.
კომპანიისათვის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გასულ თვეშიც საუბრობდნენ, თუმცა მერიაში ამბობდნენ, რომ მაშინ ხიდი დაუმთავრებელი დარჩებოდა, რადგან კულტურულ მემკვიდრეობაზე მუშაობის გამოცდილების მქონე კომპანია ქვეყანაში ვერ მოიძებნა. ტენდერში გამარჯვებული კი სამუშაოების დასრულების დაგვიანების გამო, ყოველდღიურად, 220 ლარამდე ოდენობის თანხით ჯარიმდებოდა.
ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 436 000 ლარით დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში ხიდის ხის საფეხმავლო იატაკი ლითონით ჩანაცვლდა. თავიდან შეიღება მოაჯირი. ხიდზე ასევე ამოიტვიფრა ციტატები, რომელიც თეთრ ხიდსა და ქუთაისს ეხება.
ხიდზე თეთრი ქვების განთავსება თავდაპირველი პროექტით მართლაც იყო გათვალისწინებული, თუმცა ხიდი ისე გაიხსნა აღნიშული დეკორაციები არ განთავსებულა.
ფოტო: თორნიკე ბარათაშვილი