ქუთაისში, მწერალთა სახლის ტერიტორიაზე

სასტუმროს მშენებლობა 2020 წელს დასრულდება. ადგილზე 30 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება, აშენდება 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო და დასაქმდება 250 ადამიანი. მშენებლობას კომპანია m² აწარმოებს. სასტუმრო მოიცავს 125 ნომერს განსაკუთრებული ინტერიერით და ხედებით.

“ძალიან სასიხარულო დღეა. ქუთაისში, ქალაქში, რომელზეც ჩვენ ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ, m² წარადგენს სასტუმროს პროექტს. ეს პროექტი ხელს შეუწყობს ქალაქის განვითარებასა და ტურისტული ნაკადის შემოსვლას,”-განაცხადა m²-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.

შენობის 400 კვადრატული მეტრი ფართი მწერალთა კავშირს უსასყიდლოდ გადაეცემა. კომპანიის დირექტორის თქმით, ფართში მოეწყობა საკონფერენციო დარბაზი. შენარჩუნდება ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებიც.

პროექტის პრეზენტაციას ადგილობროვი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

“მივესალმებით ქალაქში მსგავსი ინვესტიციის განხორციელებას. ჩვენ ხელს შევუწყობთ მათ, რომ სწრაფად და ხარისხიანად განახორციელონ ეს პროექტი,-” განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

სასტუმრო “რამადა”-ს მშენებლობა მიმდინარე წლის 1-ლი დეკემბრიდან დაიწყება. m² აპირებს სასტუმროების უმსხვილეს კომპანია „Wyndham Hotel Group“-თან გააფორმოს ფრანშიზული ხელშეკრულება აღნიშნული სასტუმროს „რამადა ქუთაისის“ ბრენდით ოპერირებაზე. „რამადა“ უმსხვილესი საერთაშორისო ოპერატორის „Wyndham Hotel Group“-ის ბრენდია, რომელიც სასტუმროთა რაოდენობის მიხედვით ყველაზე დიდი ქსელია. მასში 21 ბრენდია გაერთიანებული და 80 ქვეყანაში 9100 სასტუმროს მოიცავს.

m²-ის გენერალური დირექტორი ირაკლი ბურდილაძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *