ტყიბულის ადგილობრივი თვითმმართველობა
ცხრაჯვარის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ემზადება. საკრებულოს განაშენიანიების რეგულირების გეგმა დაამტკიცა, რაც გულისხმობს ტერიტორიის საფუძვლიან შესწავლას.
როგორც მერიაში აცხადებენ, იდეა ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად მაჟორიტარ დეპუტატს, ელგუჯა გოცირიძეს, ეკუთვნის.
“გავდივართ განაშენიანების გეგმის მესამე, მეოთხე ეტაპს, რაც გულისხმობს იმის განსაზღვრას თუ რა შენობა ნაგებობები შეიძლება განთავსდეს და სად, როგორი ტიპის იქნება და ა.შ. ” – ამბობს ტყიბულის მერიის
ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ზაზა ზოსიაშვილი
რა თანხა დაჯდება ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ჯერუცნობია. ამბობენ, რომ თანხაზე პროექტის სრულად შემუშავების შემდეგ ისაუბრებენ.
პირველი რაც გაკეთდება – ცხრაჯვართან მისასვლელი გზაა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ცხრაჯვართან არავითარი ტურისტული ინფრასტრუქტურა არ არის, ადგილი პოპულარობით მაინც სარგებლობს. პროექტის განხორციელების შემდეგ, ფიქრობენ, რომ ადგილი ქართველი და უცხოელი ტურისტებისათვის კიდევ უფრო მიმზიდველი და საინტერსო გახდება.
ცხრაჯვარი კოლხეთის დაბლობის ყველა დასახლებული პუნქტიდან ჩანს, თუმცა მისი მაღალი წვერი ყველაზე ლამაზად ოკრიბის სოფლებიდან და ტყიბულიდან აღიქმება. ყოველი წლის (ძველით) მაისის ბოლო შაბათს ცხრაჯვარს მომლოცველები სტუმრობენ. აქ წმინდა გიორგის სახელობის სალოცავია.
არსებობს ლეგენდა რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი ოჯახიდან ომში 9 ვაჟი წავიდა. ვაჟების მამა ყოველდღიურად ლოცულობდა, რომ ვაჟები უვნებლად დაბრუნებულიყვნენ შინ. მამამ გადაწყვიტა შესაწირი გააკეთებინა და ტყიბულის მთებზე ჯვარი აღემართა. მან საკუთარი მხრებით აიტანა მთაზე 9 ჯვარი და სალოცავი გააკეთა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ყველა ვაჟი შინ უვნებელი დაბრუნდა.