შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმერეთში აფთიაქის დაყაჩაღების
ბრალდებით 1 პირი დააკავა. ბრალდებული აფთიაქს თავს დაესხა და ფარმაცევტის სალაროში არსებული თანხა გაიტაცა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. დაკავებულია წარსულში ნასამართლევი, 1985 წელს დაბადებული ზ. ფ,”-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზ.ფ. ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში დააკავეს.
პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ყაჩაღური თავდასხმის შედეგად გატაცებული ფულის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
დანაშაული 5-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.